აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - აშშ ვეღარ მიიღებს ლიბანის მთავრობის ფუჭ დაპირებებს და დისფუნქციურ მმართველობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - აშშ ვეღარ მიიღებს ლიბანის მთავრობის ფუჭ დაპირებებს და დისფუნქციურ მმართველობას

აშშ ვეღარ მიიღებს ლიბანის მთავრობის ფუჭ დაპირებებს და დისფუნქციურ მმართველობას, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დევიდ ჰეილმა ბეირუთში ვიზიტის დროს გააკეთა.

„გზა მომავალისკენ თავად ლიბანელებმა უნდა განსაზღვრონ. აშშ და საერთაშორისო საზოგადოება ლიბანელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ვერ მივიღებთ კიდევ ფუჭ დაპირებებს და დისფუნქციურ მმართველობას“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

ლიბანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, 200 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის გვარჯილის აალება იყო. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრაგედია ხელისუფლების სამსახურებრივი გულგრილობისა და კორუფციის გამო დატრიალდა. ამის გამო, ბეირუთს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა, რასაც ქვეყნის მთავრობის გადადგომა მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების მიზეზების დადგენაში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება.