აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

„გვჯერა და ჩვენი მოლოდინი ორივე მხარის მიმართ არის, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ეს მოიცავს სამი კოსოვოელი პოლიციელის უპირობო გათავისუფლებას. მიგვაჩნია, ორივე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დაიცვას ევროკავშირის სამპუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მილერმა დაგმო ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს აქტიურ ურთიერთობას დაპირისპირების მოსაგვარებლად როგორც ორივე მხარესთან, ასევე პარტნიორებთან რეგიონში.

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.