აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბაშარ ალ-ასადის მეუღლისა და უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მეუღლის, ასმა ალ-ასადისა და უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ასმა ალ-ასადი ხელმძღვანელობს ეკონომიკური და პოლიტიკური ხელისუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართულ რეჟიმის ძალისხმევას, მათ შორის თავისი ე.წ. საქველმოქმედო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს ასადის რეჟიმსა და მის ნათესავებზე ზეწოლას, რათა ხელი შეუშალოს მათ, დააგროვონ რესურსები თავიანთი ბოროტი ქმედებებისთვის.
გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სირიის ცენტრალურ ბანკს, ბაშარ ასადის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველ ლინა ალ-კინაიეს, ასევე მის ქმარს, სირიის პარლამენტის წევრ მუჰამედ მასუთისა და ასადის რეჟიმთან დაკავშირებულ რამდენიმე კომპანიას.