აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - აშშ მზად არის, დააწესოს ახალი სანქციები, თუ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან
აშშ მზად არის, დააწესოს ახალი სანქციები, თუ ვლადივოსტოკში, დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე შეთანხმდებიან. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.
„მინდა შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ომს, გავაგრძელებთ მათ გამოყენებას და უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა მილერმა.
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთს ფხენიანისგან საბრძოლო მასალები, პირველ რიგში კი, საარტილერიო ჭურვები სჭირდება და თვლიან, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი რუსული იმპერიის დიდების აღდგენის ოცნებით წამოიწყო, თუმცა ამ იმედმა მარცხი განიცადა.
„ვფიქრობ, არ არსებობს უკეთესი მტკიცებულება, ვიდრე ახლა, რომ წელიწად ნახევრის შემდეგ, მან არამხოლოდ წარუმატებლობა განიცადა ბრძოლის ველზე დასახული მიზნების მიღწევაში, არამედ ხედავთ, თუ როგორ მიემგზავრება ქვეყნის ბოლოში კიმ ჩენ ინისთვის სამხედრო დახმარების სათხოვნელად. ფაქტი, რომ ეს „დიდი ოცეულის“ შემდეგ ხდება, სადაც პრეზიდენტ პუტინს ვერსად ნახავდით, ვფიქრობ, დიდწილად მისი საერთაშორისოდ განდევნილის სტატუსია, რომელიც მან საკუთარი ქმედებებით განაპირობა. ეს ნიშნავს, რომ მას სამხედრო ძალისხმევის მდგრადობაში პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს“, – განაცხადა მილერმა.