აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში დავით ზალკალიანი რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ღონისძიებებს დაესწრო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.
„RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების, LNG Allies-ის ორგანიზებით აშშ-ისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა, ბილ ჰაგერტიმ. ასევე, გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგოტექნოლოგიების მეშვეობით.
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედიაჰოლდინგმა, Newscorp-მა უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა. ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორებისა და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ ტომსონის მონაწილეობით“, – წერს დავით ზალკალიანი.