აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ანექსირებულ ყირიმში დაფუძნებულ სააგენტოზე, რომელიც პრორუსულ და ანტიდასავლურ გზავნილებს ქართულ ენაზეც ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემის ანგარიშში საქართველოც არის შეყვანილი. მოხსენება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ჩართულობის ცენტრმა“ წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის ველზე წამყვან ადგილს რუსეთი იკავებს.
მოხსენების მიხედვით, ცენტრის აქტივობის მიზანი რუსეთის ტაქტიკის გამოაშკარავებაა. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ გაშლილი საინფორმაციო ფრონტის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორის“ ნებართვით, ანექსირებულ ყირიმში 2015 წელს საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ფრონტი“ დაფუძნდა, რომელიც ახალ ამბებს, სხვა ენებთან ერთად, ქართულ ენაზეც აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ სარედაქციო განყოფილებები აქვს: ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, საქართველოსა და უნგრეთში. ანგარიშის მიხედვით, რუსული სააგენტო სოციალური მედიის მანიპულაციას ახდენდა.
მოხსენებაში წერია, რომ 2020 წლის აპრილში „ფეისბუქმა“ „ნიუს ფრონტთან“ დაკავშირებული ანგარიშები წაშალა. აღნიშნული გვერდები მასალას სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად აქვეყნებდნენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: უკრაინის კონფლიქტი, სირიის ომი, ყირიმის ანექსია, აშშ-ის არჩევნები, ნატო, „კოვიდ-19.“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დაასკვნა, რომ „ნიუს ფრონტის“ „ფეისბუქში“ საქმიანობა ქვეყანაში პლატფორმის მომხმარებელთა ვინაობის ქურდობას გულისხმობს. ორგანიზაცია დეტალურად აღწერს „ნიუს ფრონტის“ ძალისხმევას, რაც „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებლებს შორის ანტაგონიზმისა და აგრესიის წაქეზებას, ასევე საზოგადოების დაყოფას გულისხმობს და ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გავრცელებით პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას ისახავს მიზნად.
ანგარიშის მიხედვით, 20 მარტს „ნიუს ფრონტმა“ დაწერა, რომ საქართველოში არსებული აშშ-ის ლაბორატორია კორონავირუსის შექმნაში მონაწილეობდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო მსგავსი შინაარსის ინფორმაციის კვლევის პერიოდის განმავლობაშიც ავრცელებდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთ საშუალებად დასახელებულია 2008 წელს დაფუძნებული რუსულენოვანი ვებგვერდი „გეოპოლიტიკა.რუ“, რომელმაც 2012 წელს ინგლისურენოვანი გვერდიც შექმნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდის მიზანი „მულტიპოლარული მსოფლიოს ხელშეწყობაა“, თუმცა ეს კონცეფცია დუგინის მსოფლიოდ ითარგმნება, სადაც რუსეთი თავის მეზობლებზე დომინირებს: ყოფს საქართველოს, ახდენს უკრაინის ანექსიას, გავლენა აქვს ფინეთზე, სერბეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთსა და საბერძნეთზე, ასევე აზერბაიჯანს ირანს „გადასცემს“. ანგარიშის მიხედვით, დუგინი და მისი მიმდევრები „ევრაზიული ახალგაზრდული კავშირიდან“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.