აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით 186 ქვეყანას შორის კვლავ ე.წ. პირველ კალათაშია
დღეს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის, უკვე მე-9 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.
საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 12 ქვეყანა.
„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც ყოველწლიური ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკებისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ;
დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართული პროაქტიული ღონისძიებები და მეტი დამნაშავის დასჯა;
ტრეფიკინგით დაზარალებულთა და მსხვერპლთათვის არსებული თავშესაფრების რაოდენობის გაზრდა;
შრომითი მიგრაციის კანონმდებლობის გაუმჯობესება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენციის მიზნით და სხვ.
„საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.