აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეც მოხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების საქმეები მოხვდა.
დოკუმენტში საუბარია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაიას, ასევე მთავრობის სხვა ყოფილი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, შარშან გამოტანილ განაჩენებსა და გადაწყვეტილებებზე.
კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ: „თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალია 2006 წელს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობასა და 2005 წელს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის გატაცებაში დამნაშავედ სცნო. ძალაუფლების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ადამიანის ღირსების შელახვისთვის სასამართლომ ახალაიას დაუსწრებლად შვიდი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა“.
ახალაიას გვარი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კიდევ ერთხელ ფიგურირებს ე.წ. ნავთლუღის საქმეზეც, რომელზეც ის სასამართლომ დამნაშავედ შარშან სცნო.
„27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ახალაიას მიმართ 2016 წელს გამოტანილი განაჩენი ნავთლუღის 2006 წლის სპეციალური ოპერაციის დროს წინასწარ შეთანხმებით მკვლელობისა და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე, რასაც სამი შეუიარაღებელი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ წამებისა და სექსუალური ძალადობის ორგანიზებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სცნო დამნაშავედ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოხვდა ოქტომბერში პროკურატურის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიების ხელახლა დაწყება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს მკვლელობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მითითებით იყო ჩადენილი.
„17 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას ხელახლა იწყებდა. ამას წინ უსწრებდა 2007 წლის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება იმის დასტურად, რომ მისი მკვლელობა თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი. მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა მთავრობის ყოფილ ოფიციალურ პირებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს, რომლებიც აუდიოჩანაწერში პატარკაციშვილის მოკვლის ისეთ ხერხებს განიხილავდნენ, რომ მისი სიკვდილის მიზეზი გარეშე თვალისათვის ბუნებრივი ყოფილიყო. 17 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა “ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით” დაიგეგმა, ვინაიდან “პატარკაციშვილი მთავრობის პოლიტიკური მოწინააღმდეგე და მთავარი მტერი იყო”, მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, მთავარი პროკურატურის მიერ ჩანაწერების გამოქვეყნებას საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ნოემბრის თვეში გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია გენერალური შტაბის ყოფილი მეთაურის მოადგილე გიორგი კალანდაძის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი უდესიანის და გლდანის N8 ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეს საქმეები, რომელთა წამებაში და სხვა დანაშაულში ედებათ ბრალი და სასამართლო შარშან დეკემბერში ჯერ კიდევ გრძელდებოდა.