აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება. დოკუმენტს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

„აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე გააძლიერებს მის მდგრადობას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის მავნე გავლენას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის პრინციპისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისკენ; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და განავითარებს სუფთა ენერგეტიკას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირების ხელშეწყობისთვის; ხელს შეუწყობს გაციფრულების პროცესს და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და მდგრადობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას; და მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ინტეგრაციას“,  – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სულ 60,4 მილიარდი დოლარია, რაც 2022 წლის ბიუჯეტი პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აღემატება.

აღნიშნული დოკუმენტი უკრაინისთვის რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის ფონზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის 1,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.