აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს, თუმცა ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება წინასწარ არ აანონსებს სანქციების დაწესებას ინდივიდუალურ პირებსა თუ კომპანიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„წერილობით პასუხში დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ „როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში“, – აღნიშნავს „ამერიკის ხმა“.
ცოტა ხნის წინ, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება განიხილება: „ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.