აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ვენდი შერმანმა დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული, საუბრისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დავით ზალკალიანს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და ასევე რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საჭიროებას. მხარეებმა ასევე განიხილეს, როგორ გააძლიერონ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში.