აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ ულოცავს სომხეთის მოსახლებას 20 ივნისს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიესალმება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ზოგად პოზიტიურ შეფასებას.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ოდირის წინასწარ დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ამომრჩეველთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად იყო დაცული, მონაწილეებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება, ხოლო ხმის მიცემის დღე ოდირის მიერ შეფასდა როგორც პოზიტიური. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეშფოთებას მთავარ კანდიდატებს შორის მძაფრი პოლარიზაციასა და წამქეზებლურ რიტორიკასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილების ყველა სომეხს, დამტკიცების შემდგომ პატივი სცენ ამ არჩევნების შედეგებს, შეშფოთების გამომწვევის საკითხების მოსაგვარებლად მიმართონ საარჩევნო საჩივრების განხილვის კანონიერ პროცესს და თავიდან აიცილონ პოლიტიკური შურისძიება, ვინაიდან სომხეთი განაგრძობს სუვერენული, დემოკრატიული, მშვიდობიანი მომავლისკენ და კეთილდღეობისკენ სწრაფვას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ სომხეთთან დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაძლიერების მზადყოფნას გამოთქვამს. ასევე, მიესალმება სომხეთის პროგრესს რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და მოუწოდებს სომხეთს, გააგრძელოს ეს გზა.

აშშ მოუწოდებს ყველა პარტიას, პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართა, რომელშიც ხმათა 53,92 პროცენტი მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მიიღო. სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა მიიღო ხმების 21,04 პროცენტი, ხოლო სერჟ სარქსიანის ბლოკმა შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის პარლამენტში სულ მცირე სამი პარტია მაინც უნდა იყოს და სავარაუდოდ სარქსიანის ბლოკის წევრები მანდატებს მიიღებენ, რადგან არჩევნებზე მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.