აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის კანონის“ გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის კანონის“ გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის კანონის“ გამო.

როგორც უწყების პრესსპიკერი მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი კანონის ამოქმედება უნგრეთის მთავრობას აღჭურავს დრაკონული ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია იმ პირების დასაშინებლად და დასასჯელად, რომელთა შეხედულებებს მმართველი პარტია არ იზიარებს.

„სუვერენიტეტის დაცვის უწყება შესაძლოა, გამოყენებული იყოს უნგრეთის მოქალაქეების, ბიზნესის და ორგანიზაციების წინააღმდეგ ინტრუზიული​ გამოძიებებისთვის სამართლებრივი ზედამხედველობის გარეშე იმ შემთხვევაშიც, თუკი მათ არ ექნებათ კონტაქტი ან მხარდაჭერა უცხოური მთავრობისა და უცხოური ორგანიზაციის მხრიდან. ეს ახალი კანონი შეუსაბამოა დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ჩვენს საერთო ღირებულებებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში.

უნგრეთის პარლამენტის მიერ 12 დეკემბერს დამტკიცებული ახალი კანონი სუვერენიტეტის დაცვის უწყების შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც უნდა გამოავლინოს და მონიტორინგი გაუწიოს პოლიტიკურ ჩარევას. უნგრეთის ხელისუფლების განმარტებით, კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგაა მიმართული.