აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანების ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს
საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანების ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გლობალური მასშტაბით ადამიანების ტრეფიკინგის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.
„საქართველოს მთავრობა სრულად ასრულებს ადამიანების ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთვარობა აგრძელებს სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის პანდემიის ზემოქმედებისა მთავრობის ადამიანების ტრეფიკინგის საწინააღმდეგო შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, საქართველო კვლავ დარჩა პირველ საფეხურზე.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მოიცავს ადამიანებით ვაჭრობაში ჩართული მეტი პირის მიმართ ბრალის წარდგენაში და მსხვერპლთათვის უფრო ყოვლისმომცველი მხარდაჭერის შეთავაზებაში. მათ შორის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო პანდემიის შედეგების შესამცირებლად და სახელმწიფო თავშესაფრებს. მთავრობამ შეიმუშავა მსხვერპლთა გამოვლენაზე მომუშავე მობილური ჯგუფების სახელმძღვანელო პრინციპები და დაამტკიცა 2021-22 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
მთავრობამ დააფუძნა შრომის ინსპექციის სამსახური, რაც მოიცავს სპეციალურ დანაყოფს, რომელიც იძულებითი შრომის საკითხზე მუშაობს. ასევე შეიმუშავა მსხვერპლის სატატუსის მიღების ოფიციალური პროცესი, რაც პერმანენტული ჯგუფის საშუალებით ხდება. ეს ჯგუფი წარმოადგენს ხუთწევრიან საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის გაუმჯობესება 2019 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს, მან გასული წლის განმავლობაში ნაკლები საქმე გამოიძია, ნაკლები ეჭვმიტანილი გამოავლინა და ნაკლები მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა. შრომის ინსპექცია კვლავაც განიცდის თანამშრომლების, რესურსების და ტრენინგების დანაკლისს, რაც აუცილებელია ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობამ არ შექმნა მიგრანტი მუშახელისთვის ნებართვების გაცემის სისტემა, ასევე არ გასცა ლიცენზია და არ გაუწია მონიტორინგი დამსაქმებელ სააგენტოებს. პოლიციამ ჩაატარა კომერციული სექსის დაწესებულებების რამდენიმე სპეციალური რეიდი, მკაფიო სტრატეგიისა და მსხვერპლთა გამოვლენის გარეშე. მთავრობამ არასაკმარისი საჯაროობით წარმოადგინა მისი საქმიანობის ადეკვატური საზოგადოებრივი შეფასებები ან ინფორმაცია ამ საქმიანობის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი დააკლდა გამჭვირვალობა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.