აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ზე ინფორმაციის სანაცვლოდ $10 მილიონამდე ჯილდოს აწესებს.
შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„აღნიშნული ჰაკერული ჯგუფი დაკავშირებულია რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება RT-სთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. მისი ხელმძღვანელი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერი ალექსეი გარაშჩენკოა.
RaHDit-ს აქვს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ისტორია. ამასთანავე, კიბერშეწყობილი გავლენის ოპერაციებით, ჯგუფი აღიქმება ჩარევის მცდელობის საფრთხედ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია RaHDit-ის, მასთან დაკავშირებული პირებისა და სუბიექტების ან რუსული მთავრობისგან მართულ მცდელობებზე, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, დაუკავშირდით სახელმწიფო დეპარტამენტს Signal-ის, Telegram-ის, WhatsApp-ის ნომერზე: +1-202-702-7843 ან დაცული ბმულიდან, რომელიც წითლადაა მითითებული პოსტერზე. თქვენმა ინფორმაციამ, შესაძლოა, მოგცეთ ჯილდოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.