აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთი საქართველოს მეზობელია, თუმცა საქართველოს ორიენტაცია არის დასავლეთი და ევროკავშირი
არსებობს რეალობა, პრაგმატულად უნდა შეხედო, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია, თუმცა საქართველოს ორიენტაცია დასავლეთი და ევროკავშირია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.
აღნიშნული განცხადებით დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა „ბლუმბერგის“ ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო რუსულ ორბიტაზე გადადის“.
„ვფიქრობ, არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად მკაფიოდ უარყოფს საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან კავშირს. ფაქტია, რომ რუსეთი მათი მეზობელია და ყოველთვის იქნება. თუმცა რუსეთს ამ ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ეს არ არის კეთილი ნების გამოწვევის გზა და მრავალ ადამიანს დიდი ტკივილით ახსოვს 2008 წლის ომი. არსებობს რეალობა, პრაგმატულად უნდა შეხედო, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია, თუმცა მათი ორიენტაცია დასავლეთი და ევროკავშირია.
ჩვენ აქ ვართ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, მომავლის, პოტენციალისა და აშშ-საქართველოს მტკიცე პარტნიორობის მიმართ, რომელიც გრძელდებოდა სხვადასხვა მთავრობის მმართველობისას, სხვადასხვა პარტიასთან და აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციასთან.
სახელმწიფო მდივანს სურდა, ხაზი გაესვა ამ კავშირისთვის, იქნება ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით და საქართველოს მტკიცე როლით, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა ჩვენთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე, იქნება ეს ერაყი, თუ ავღანეთი. ისინი ყველაზე დიდი კონტრიბუტორები არიან ერთ სულ მოსახლეზე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აქვს დასავლური კურსი და ის ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორია.
„ევროკავშირთან მუშაობით, მათ ხაზი გაუსვეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სამომავლო ინტეგრაციის სურვილს. ისინი უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით შესანიშნავი პარტნიორები არიან და სახელმწიფო მდივანს სურს, ხაზი გაუსვას საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ისინი ჯერ კიდევ უწევენ წინააღმდეგობას რუსეთის მიერ შექმნილ ამ არასტაბილურ ელემენტს. მაგრამ ისინი ძალინ ძლიერი პარტნიორები იყვნენ და სახელმწიფო მდივანს სურს, ხაზი გაუსვას მხარდაჭერას იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელიც თქვენ შექმენით. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, გახადეთ ისინი უფრო დახვეწილი, ეს არის ის რეალური გზავნილი , რატომაც შეხვდა სახლწმიფო მდივანი პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საგრეო საქმეთა მინისტრს“, – განაცხადა დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.