აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს
კორონავირუსის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„კორონავირუსისგან გამოწვეული სირთულეების გამო, 20 მარტიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტი ყველა ქვეყანაში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში სავიზო მომსახურებას აჩერებს. ყველა გასაუბრება და საიმიგრაციო ან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგულარული სავიზო მომსახურების აღდგენის თარიღი ჯერ უცნობია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ მოქალაქეს სავიზო მომსახურების მოსაკრებელი უკვე გადახდილი აქვს, მაშინ ეს თანხა გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში აქტიური იქნება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული სავიზო მომსახურება კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.
აშშ-ის მოქალაქეებისთვის საელჩოებსა და საკონსულოებში მომსახურება კვლავ გაგრძელდება.