აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ილჰამ ალიევთან საუბრისას ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ ურთიერთქმედებას ნებისმიერი გზით, რაც სასარგებლო იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების მიმართულებით მიაღწიეს და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლივ მიღწევის მნიშვნელობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა სატელეფონო საუბარში ასევე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობას.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული. მან მოუწოდა აზერბაიჯანს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.