აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ გამოვლინდა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში ამერიკული სახსრების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები არ გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ვაშინგტონში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გასულ კვირას უკრაინაში ათზე მეტი მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ჩვენ არ გამოგვივლენია ნიშნები, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი სახსრები უკრაინაში არამიზნობრივად იყო გამოყენებული. მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენთან სამუშაოდ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი დაცვა, რომ აშშ-ის დახმარებამ მიაღწიოს მათთან, ვისთვისაც ის არის გამიზნული“, – განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.
ამასთან, უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას მსოფლიო ბანკთან გამოყოფილი სახსრების მონიტორინგის მიზნით და უკრაინასა და სხვა პარტნიორებთან კორუფციის დასაძლევად.