აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესეს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის იარაღს აწარმოებენ
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაუწესეს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის იარაღს აწარმოებენ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დააწესეს სამი იურიდიული და ერთი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის, „ჰარპიის“ წარმოებაში მონაწილეობენ. დრონ „ჰარპიას“, რომლის შესახებ პირველად ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ სექტემბერში გაავრცელა, ჩინურ ქარხნებში რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით აწარმოებენ. მის დაპროექტებაში ასევე მონაწილეობდნენ ჩინელი სპეციალისტები.

როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები შეეხო ჩინურ საწარმოებს. კერძოდ, Xiamen Limbach Aircraft Engine-ს, რომელიც აწარმოებს ძრავებს „ჰარპიებისთვის“ და Redlepus Vector Industry Shenzhen-ს, რომელიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში შუამავალ რგოლს წარმოადგენს.

„ეს არის აშშ-ის პირველი სანქციები ჩინური საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ავითარებენ და აწარმოებენ შეიარაღების სისტემებს რუსულ ფირმებთან პარტნიორობით“, – წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ დაუწესა სანქციები იმ ჩინურ საწარმოებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსს აწვდიან რუსეთს. აშშ-მა არაერთხელ გააფრთხილა ჩინეთი, თავი შეიკავოს რუსეთის მხარდაჭერისგან და დააწესა ასობით სანქცია, რომლებიც მიმართულია მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვისკენ, გამოიყენოს გარკვეული ტექნოლოგიები სამხედრო მიზნებისთვის. სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა განაცხადა, რომ ჩინეთი პირდაპირ ეხმარება რუსეთის სამხედრო მანქანას, მხარს უჭერს მის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.