აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი - გვსურს, ყველა საშუალებით დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არსებული დაყოფა, თავად ქართველების მიერ უნდა მოგვარდეს
ძალადობა მიუღებელია, საჭიროა დიალოგი და კონსტიტუციური პროცესის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა, ნიკოლას ბერლინერმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოში ადგილი აქვს პოლარიზაციას და აშშ-ის საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას და კონსტრუქციული შედეგების მიღწევას.
ბერლინერის განცხადებით, ქუჩებში ძალადობა ყოველთვის სახიფათოა.
„მოსახლეობა სამართლიანად აღშფოთდა. მშვიდობიანი პროტესტი და აზრის გამოხატვა სრულიად მისაღებია. რაც არ არის მისაღები, ეს არის ძალადობა. მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტის გამოძიება, რომ ზუსტად დავინახოთ, რა მოხდა. ცუდია, როდესაც ნებისმიერი ადამიანი და მათ შორის ჟურნალისტებიც დაშავებული არიან. ვიმედოვნებთ, მალე გამოჯანმრთელდებიან. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და იმედი გვაქვს, ეს აღარ განმეორდება. საჭიროა, მშვიდობის პერიოდი და დიალოგი.
ამერიკის საელჩო აწარმოებს დიალოგს ყველა პარტიასთან. ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ. საქართველო ჩვენი პარტნიორია და გვინდა, წარმატებული იყოს. გვსურს, ყველა საშუალებით დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არსებული დაყოფა, თავად ქართველების მიერ უნდა მოგვარდეს“ – აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.