საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს აშშ-ის საელჩომ გრანტი გამოუყო, რომლის ოდენობაც 300 ათას დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრა.
კელი დეგნანის თქმით, საუბარია უახლეს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დადიანების სასახლის კომპლექსის, დედოფლის სასახლის აღდგენა-რესტავრაციას ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასა და ექსპერტებთან თანამშრომლობით, უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის დაცვას.
„საქართველოს აქვს უნიკალური და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასა და ექსპერტებთან თანამშრომლობით, უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს ამ უნიკალური მემკვიდრეობის დაცვას და გადარჩენას. დღეს ვსაუბრობთ ჩვენს უახლეს პროექტზე, რაც გახლავთ დადიანების აღდგენილი სასახლის კომპლექსის, დედოფლის სასახლის აღდგენა-რესტავრაცია ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით. ეს მართლაც არის უნიკალური ძეგლი, რომელიც კარგად წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ კავშირებს საბჭოთა პერიოდამდე და ნამდვილად შესაფერია ამ მომენტისთვის, მაშინ, როდესაც საქართველო მიდის წინ, ევროპული ინტეგრაციისკენ და ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მემკვიდრეობის, ძვირფასი ისტორიის შენარჩუნება-გადარჩენას. იმედი მაქვს, რომ აღდგენილი სასახლე იქნება არა მხოლოდ ამ ისტორიული კავშირების წარმოჩენა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ხელოვნების სასახლის გუნდთან ერთად, იწყებს შესანიშნავ პროექტს და კულტურის სამინისტრო იქნება ამ პროექტის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი.
„ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს შესანიშნავ პროექტს, ხელოვნების სასახლის შესანიშნავ გუნდთან ერთად, და ჩვენ გვაქვს პატივი, ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განხორციელებას. უკვე ცნობილი ამბავია, რომ დადიანის სასახლეებს სჭირდება რეაბილიტაცია, ამიტომაც ფონდმა „ქართუმ“ ნიკოსეული უფლისწულის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა და ჩვენ დავიწყეთ უკვე ფიქრი იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ასევე რეაბილიტაცია დედოფლისეული სასახლის. სწორედ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საელჩომ და დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი იქნება გამოყოფილი ამ მიზნებისთვის. მე ორმაგად გახარებული ვარ დღეს, ვინაიდან ამ გრანტის ბენეფიციარი არის არავინ სხვა, თუ არა შესანიშნავი გუნდი, რომელიც მართავს ხელოვნების სასახლესა და დადიანების მუზეუმს. ვინაიდან ესენი არიან ის მუზეუმელები, ვისთვისაც მუზეუმი, არტეფაქტი და კულტურული მემკვიდრეობა არის მთავარი და, რეალურად, ისინი ცოცხლობენ და ცხოვრობენ, რათა ემსახურონ ქართულ კულტურას. ჩვენ კი, ჩვენს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალება, ვიქნებით ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობნი და მხარდამჭერნი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ხელოვნების სასახლისთვის, ასევე ზუგდიდის დადიანების სასახლეებისთვის.
„ერთი მხრივ, ეს არის მუზეუმების კოლაბორაციის ბრწყინვალე შედეგი, ამასთანავე შედეგი იმისა, რომ ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის უნიშვნელოვანესი ძეგლი, ზუგდიდის დადიანების სასახლე გადარჩება და დაიბრუნებს თავის ისტორიულ იერსახეს“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.
ხელოვნების სასახლეში განმარტავენ, რომ გრანტის მიზანია ზუგდიდის დედოფლისეული სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია, ასევე ისტორიული ნივთების რესტავრაცია და კონსერვაცია.
„გრანტით გათვალისწინებულ სამუშაოებში, ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ჩაერთვებიან ხელოვნების სასახლის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებული რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები გაიხსნა, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გამოიფინა. ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2016-2019 წლებში განხორციელდა, „ქართუს“ შემდეგ კი სასახლეების აღორძინების საქმეში სამინისტრო ჩაერთო. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სასახლეში გადაუდებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 2021 წელს ჩატარდა და დამთვალიერებელს საშუალება მიეცათ, დედოფლის სასახლე სრულად დაეთვალიერებინათ და ახალი ექსპოზიცია ენახათ, სადაც ნივთების უმრავლესობა პირველად გამოიფინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა, ჩამონგრეული ჭერის გამო, ნახევარ წელზე მეტ ხანს დაკეტილი იყო. სამომავლოდ საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაციაც იგეგმება“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.