აშშ-ის საელჩო - ვემშვიდობებით ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკლდება
მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.
„დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში.
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.