აშშ-ის საელჩო - უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია მოსამართლეთა უვადოდ არჩევა, უნდა გაზარდოს არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა
უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.
რეკომენდაციებში ასევე საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენასა და არჩევაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
დოკუმენტში საუბარია მოსამართლეთა საჭირო გამოცდილებისა და ასაკის გაზრდაზე.
„უნდა გაიზარდოს საჭირო ასაკი და გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების კვალიფიციურობა. ამასთან, იმ კანდიდატებს, რომლებიც განიხილებიან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, უნდა მოეთხოვებოდეთ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციებში.