აშშ-ის საელჩო - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად, – აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
„გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად, შეერთებულმა შტატებმა 7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია საქართველოს.
გუშინ ელჩის ახალმა მოადგილე რაიან ჰარისმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გადასცა პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები. აღნიშნული დახმარების ღირებულება $114 000 დოლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლად, რომ მათ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა შეძლონ. ეს სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველოს სურსათის მწარმოებლებმა განაგრძონ საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანა.
მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი მედეგობის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.