აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„EUCOM-ის დირექტორის მოადგილე პარტნიორობის, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და კოსმოსური შესაძლებლობების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ედუარდ ვონი ქართველ კოლეგებს შეხვდა, რათა შეაჯამოს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP) და დაიწყოს „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე“ (GDDEI) გადასვლის პროცესი.
GDRP-ის პროგრამა არის აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის პირველი ძალისხმევა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული და 2018 წლის მაისიდან EUCOM-ის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ცენტრალური კომპონენტია. GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI-პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია.
მხარეებმა შეხვედრაზე GDRP-ის მიღწევები შეაჯამეს და განიხილეს, თუ როგორ მოხდება GDDEI-პროგრამაზე გადასვლა, რომელიც თავის მხრივ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გამოხატულებაა. GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს. ის ეფუძნება GDRP-ს და მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის გზით (საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის სექტორში) ინსტიტუციურ რეფორმაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე (ბრიგადების მომზადება და დასაქმება ტერიტორიული თავდაცვისთვის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში).
GDDEI პირდაპირ გამომდინარეობს GDRP-ის მიღწევებიდან და აჩვენებს შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
GDRP პროგრამის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ, ბრიგადის გენერალმა ვონმა განაცხადა: „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) არის შესანიშნავი ქვეთავი, ამერიკა-საქართველოს მიერ ერთად დაწერილ დიდ წიგნში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.