აშშ-ის საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს - ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადებას აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.
დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.