აშშ-ის საელჩო - მნიშვნელოვანია, ბიულეტენების დათვლისას, ყველა პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ არჩევნები პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.
ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთო/ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”,- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.