აშშ-ის საელჩო - თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ მიმდინარე თვეში საქართველოს 500 000-მდე დოლარის პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ საქართველოს სხვადასხვა უწყებისთვის გადაცემული აღჭურვილობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც საელჩოში აცხადებენ, ეს აღჭურვილობა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, კორონავირუსის საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცულნი.
„ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, „კოვიდ-19“-ის საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.