აშშ-ის საელჩო - კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი, სრულიად მიუღებელი
ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი – სრულიად მიუღებელი.
საელჩოში აცხადებენ, რომ ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია.
„ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი – სრულიად მიუღებელი. როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია. ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება.
ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის“ შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მათი მხარდაჭერისთვის. 2021 წელს მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.