რესპუბლიკელი კონგრესმენების საგამოძიებო კომიტეტი ჯო ბაიდენს „იმპიჩმენტის საფუძვლის მქონე ქმედებაში“ სდებს ბრალს
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენების საგამოძიებო კომიტეტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „იმპიჩმენტის საფუძვლის მქონე ქმედებაში“ სდებს ბრალს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის, იურიდიულმა და საშემოსავლო კომიტეტებმა გამოაქვეყნეს 291-გვერდიანი ანგარიში თავიანთი გამოძიების შედეგებით, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მტკიცებულებების მოპოვებას.
ანგარიში ბაიდენს ორ დანაშაულს ედავება, რომლებიც, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა აზრით, აკმაყოფილებს იმპიჩმენტის კრიტერიუმებს: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
„კონსტიტუციით გათვალისწინებული შედეგი პრეზიდენტის მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ნათელია: წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტი და სენატის მიერ თანამდებობიდან გადაყენება”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებას – უპირველეს ყოვლისა, ბიზნესგარიგებებს და ფულს, რომელიც მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა და პრეზიდენტის ძმამ ჯეიმსმა, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენის დახმარებით.
რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს 27 მილიონი დოლარი, რომელიც უცხოურმა კომპანიებმა გადაუხადეს ბაიდენების ოჯახის წევრებს და მათ პარტნიორებს. მათ ასევე მოჰყავთ მაგალითები იმისა, თუ როგორ იყენებდნენ ჰანტერ და ჯეიმს ბაიდენები, მათი აზრით, თავიანთ გვარს და ჯო ბაიდენთან კავშირს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად.
ამასთან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებში გულისხმობენ ჰანტერ და ჯეიმს ბაიდენების ბიზნესგარიგებებსა და მათ მიერ მიღებულ სესხებს. ანგარიშში ამტკიცებენ, რომ მათი დამტკიცება ვერ მოხდებოდა, ჯო ბაიდენი თანამდებობაზე რომ არ ყოფილიყო.
მეორე დანაშაულისთვის, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის, რესპუბლიკელები ფოკუსირდნენ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ფედერალურ გამოძიებაში ხელის შეშლაზე.
პროცედურულად, ახლა წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს ანგარიში, რათა აშშ-ის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.