აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს
მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ძეგლის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ამის პარალელურად, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უოთერბერიში უცნობმა პირებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„ქალაქი უოთერბერი და მე, როგორც მერი, მზად ვართ, სისტემური რასიზმის შედეგად გამოწვეულ შედეგებსა და უთანასწორობაზე რეაგირებისთვის. თუმცა ამგვარი ქმედება მიუღებელია და არ იქნება შეწყნარებული“, – განაცხადა ქალაქის მერმა, ნილ ოლირიმ.
ამერიკაში, ბოლო კვირების განმავლობაში ეს კოლუბისა და სხვა ისტორიული ფიგურების ძეგლების ჩამოგდების ან დაზიანების პირველი შემთხვევები არაა. ძეგლებზე თავდასხმები ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხორციელდება.