აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, მზადაა თუ არა ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრისთვის, თუ ზელენსკის მონაწილეობით სამხრივი მოლაპარაკებები არ გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, მზადაა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრისთვის, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით სამხრივი მოლაპარაკებები არ გაიმართება.
„ჩვენი საბოლოო მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება, მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა და გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომი პიგოტმა მედიასთან საუბრისას.
პიგოტის განცხადებით, მთავარია, მოქმედებები სიტყვებს შეესაბამებოდეს.
„ეს ასევე აჩვენებს ჩვენს ერთგულებას, რაზეც მკაფიოდ ვლაპარაკობდით ამჟამინდელი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან: ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მხარეებს მშვიდობის მიღწევაში, ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობაში და სისხლისღვრის შეჩერებაში“, – აღნიშნა პიგოტმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია, ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
„საქმე არ არის ნდობაში, არამედ მოქმედებებში. იმაში, რომ ყველაფერი ვიღონოთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ტომი პიგოტმა.