აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ იორკის გუბერნატორს საყვედურობს - ნაკლები ლაპარაკი და მეტი საქმე
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ იორკის გუბერნატორ ენდრიუ ქუომოს მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით უსაყვედურა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, ნიუ იორკმა ყველა სხვა შტატზე მეტი დახმარება მიიღო, თუმცა მის გუბერნატორს ადმინისტრაციისთვის მადლობაც კი არ გადაუხდია.
„მორჩი ლაპარაკს. ჩვენ მოგეცით ათასობით საავადმყოფოს საწოლი, რომელიც თქვენ არ გჭირდებოდათ და არ გამოიყენეთ, მოგეცით უამრავი სასუნთქი აპარატი, რომელიც ისედაც უნდა გქონოდათ და დაგეხმარეთ ტესტირების პროცედურებში, რაც თქვენი საქმე იყო. ჩვენ ნიუ იორკს ყველა სხვა შტატთან შედარებით მეტი ფული, დახმარება და აღჭურვილობა გადავეცით და იმ არაჩვეულებრივ კაცებს და ქალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს თქვენგან მადლობა არ მიუღია. თქვენი რიცხვები არ არის კარგი. ნაკლები ლაპარაკი და მეტი საქმე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ენდრიუ ქუომო უკვე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებებს და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი ტელევიზორის ყურების მაგივრად სამსახურში წავიდეს.
„თუ ის ჯერ კიდევ სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს, ალბათ სჯობს, ადგეს და სამსახურში წავიდეს“, – განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.