აშშ-ის ოფიციალური პირები კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბებს შეხვდებიან
აშშ-ის ოფიციალური პირები კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბებს შეხვდებიან

აშშ-ის ოფიციალური პირები კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბებს შეხვდებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებზე, უსაფრთხოებასა და ქალთა უფლებებზე „თალიბანის“ წარმომადგენლებსა და ავღანეთის სამინისტროების „ტექნოკრატ პროფესიონალებთან“ გამართავენ მოლაპარაკებებს.

მოლაპარაკებებზე აშშ-ის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში თომას ვესტი და სპეციალური წარმომადგენელი ავღანელი ქალების, გოგონებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში რინა ამირი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვედანტ პატელის განცხადებით, კატარის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებები „არ ნიშნავს რაიმე სახის აღიარებას ან რაიმე სახის მითითებას „თალიბანის“ ნორმალიზაციის ან ლეგიტიმურობის შესახებ“.

„თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამირ ხან მუთაქი უხელმძღვანელებს.

არცერთ ქვეყანას არ უღიარებია „თალიბანის“ ადმინისტრაცია მას შემდეგ, რაც დაჯგუფება დაბრუნდა ხელისუფლებაში ავღანეთში 2021 წელს, როდესაც აშშ-ის მეთაურობით უცხოური ძალები 20-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნიდან ქაოსურად გავიდნენ.