აშშ-ის მთავრობა ქართული ფერმების გამსხვილებაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს მეცხოველეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 28 მაისს შედგება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ტექნიკურმა დირექტორმა, ლაშა ავალიანმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ თორიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრეს. გადაცემაში მეცხოველეობის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ავალიანის განცხადებით, პროექტის პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით არსებული კომერციული ფერმების გამსხვილებაში მდგომარეობს, რაც ე.წ. ფერმიდან სუფრამდე საწარმოო ჯაჭვის კონცეფციის მიხედვით განხორციელდება. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის ზრდას ისე, რომ ადგილობრივი ნაწარმი შიდა ბაზრის გარდა ექსპორტზეც გავიდეს. პროექტი დაეხმარება როგორც მსხვილ ფერმებს გაძლიერებაში, ასევე წვრილ ფერმებს გამსხვილება-განვითარებაში, თუმცა დამწყებ ბიზნესებს. ე.წ. სტარტაფებს არ მოიცავს.
„ინვესტიცია განხორციელდება მეცხოველეობაში, კერძოდ რძისა და ხორცის სექტორში და ფერმიდან სუფრამდე პრინციპის განხორციელებას შეუწყობს ხელს, რათა საქართველოში ადგილობრივი წარმოება იყო უსაფრთხო და ხარისხიანი, გაიზრადოს მისი რაოდენობა, ასევე ხელი შეუწყოს ექსპორტს. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და არსებულ კომერციულ ფერმებზე იქნება ფოკუსირებული. საშუალო დონის ფერმების დახმარებაზე შეზღუდვა არ არის, უბრალოდ ფერმა უნდა იყოს კომერციული და ბაზარზე ოპერირების გარკვეული გამოცდილება ჰქონდეს. სტარატაფებთან დაკავშირებით რისკები მაღალია“, – განაცხადა ავალიანმა.
პროექტში ფერმერების ჩართვას ფერმერთა ასოციაცია უზრუნველყოფს, რომელიც თავის მხრივ, მცირე სექტორულ ასოციაციებსაც მოიცავს და მეცხოველეობაში ჩართულ ეკონომიკური ერთეულებსა და ქვეყნის რეალობას კარგად იცნობს. ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პროექტი ერთობლივი კონსროციუმების ჩამოყალიბებასაც ისახავს მიზნად, რადგან მისი მთავარი იდეა სწორედ არსებული ფერმერული მეურნეობების გამსხვილება და მათი ცოდნის ამაღლებაა.
„ჩვენი მონაწილეობა პროექტში ფერმერების ჩართვის მობილიზებას, ასევე არსებული ასოციაციების გაძლიერებას გულისხმობს. საქართველოში არსებობს რამდენიმე სექტორული ასოციაცია რძისა და ხორცის მიმართულებით. ვნახოთ, შემდგომში როგორ განვითარდება პროექტი, შეიძლება საუბარი ერთობლივი კონსორციუმების ჩამოყალიბებასაც შეეხოს, რადგან პროექტის მთელი იდეა არის ის, რომ მოხდეს არსებული მცირე მეურნეობების გამსხვილება, გაძლიერება და ტექნიკური ცოდნის მიწოდება“, – განმარტა თორიამ.
პროექტს საგრანტო ნაწილიც აქვს, თუმცა მისი დეტალები ჯერ დასაზუსტებელია. სესხების გაცემას პროექტი არ გულისხმობს, თუმცა ლაშა ავალიანის ინფორმაციით, ერთი-ერთი კომპონენტი ფერმერების სესხის გამცემ და სადაზღვევო ინსტიტუტებთან დაკავშირებასაც მოიცავს.
„გრანტები სავარაუდოდ 50 პროცენტიანი თანადაფინანსების პრინციპით იქნება, თუმცა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამიჭირდება, რადგან პროექტი საწყის ეტაპზეა და წინ ჩვენს შესაძლო პარტნიორებთან კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ავალიანმა.