აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში არ გაემგზავრონ. ამის მიზეზი იაპონიაში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელებაა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიაში მოგზაურობის მსურველებისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. იაპონიაში ამჟამად კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვიან, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, აშშ-ის მოქალაქეები უნდა მოერიდონ იაპონიაში გამგზავრებას. აღსანიშნავია, რომ ეს რეკომენდაცია იაპონიაში დაგეგმილი ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვით ადრე გამოქვეყნდა.
„ამჟამად იაპონიაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტით ინფიცირების საფრთხე შესაძლოა, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც დაემუქროთ“, – ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციაში.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის საზღვარი ტურისტებისთვის ისედაც დახურულია. ქვეყანაში ჩასვლის უფლება მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებს და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს აქვთ.