აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი - თავიდანვე ყველაფერი რომ დაგვეხურა, ალბათ სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრ შეზღუდვებს ადრევე დააწესებდა, შესაძლოა, „ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხებულიყო“. ეს განცხადება აშშ-ის ალერგიებისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ „სიენენ“-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ყველაფერი თავიდანვე რომ დაგვეკეტა, ალბათ სიტუაცია განსხვავებული იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
„სიენენ“-ის ჟურნალისტმა ენტონი ფაუჩის კითხვა დაუსვა „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციის შესახებაც, რომ ეპიდემიოლოგები აშშ-ის მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ ჯერ კიდევ თებერვალში მოუწოდებდნენ, რაზეც ფაუჩიმ უპასუხა, რომ „ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ“.
„ჩვენს რეკომენდაციებს ხშირად ითვალისწინებენ, ხანდახან კი არა, მაგრამ ახლა არის ის, რაც არის. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ“, – განცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, არავინ უარყოფს, რომ ლოგიკურად, მკაცრი წესების უფრო ადრე დაწესებით „ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა“.
მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ში ვირუსის გავრცელებაზე მკაცრი ზომების დაწესების გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მათ შორის „ქვეყნის სიდიდემ და მოსახლეობის არაერთგვაროვნებამ“.
ამავე ინტერვიუში ფაუჩიმ განაცხადა, რომ „აშშ-ის მოქალაქეების ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნებას, სავარაუდოდ, მაისიდან შეძლებს“.
ფაუჩი იმედოვნებს, რომ თუ მოქალაქეების მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ზომიერად მიუდგებიან, 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით 550 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 22 000-ზე მეტი, მათ შორის უმეტესობა – ნიუ იორკში.