ჯერალდ კონოლი - რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა.
„ჩვენ ფიზიკურად ვიხილეთ, რომ ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას – და არამხოლოდ ევროპაში. შეგვიძლია ევროპით დავიწყოთ – რუსეთი შეიჭრა საქართველოს, მოლდოვისა და რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიებზე და შელახა მათი სუვერენიტეტი. ჩვენი სამუშაო შეუსრულებელია. მშვიდობის შენარჩუნება ნიშნავს თავდაცვაში ინვესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი შეკავება მოხდა, რაც ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთისათვისაც ხილვადი იყოს“, – განაცხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ გამოცემა New Atlanticist-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მის პრიორიტეტებზე საუბრისას, კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელობას.
„ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ცალსახა პოზიცია რუსეთისადმი მკაფიო და უტყუარი გზავნილის მისაწოდებლად, რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსირების, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის, რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიისა და მოლდოვის ნაწილის არაკანონიერი ოკუპაციის თაობაზე, და ჩვენ მზად ვართ ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ არიან ნატო-ს წევრები“, – აღნიშნა ბატონმა კონოლიმ.
კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატო-ს მნიშვნელოვან როლს.
„საბჭოთა კავშირი და ახლა უკვე რუსეთი ძალიან ფრთხილობენ ნატო-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან მიმართებაში. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ფასეულობის შესახებ მრავლისმეტყველი ფაქტია. ამაში ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთის წინააღმდეგ შეტევა, ყველას, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვფიქრობ, რომ გასული სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს ძალიან ძლიერი და ეფექტური გზავნილი იყო“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.