აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მოთხოვნით კანონპროექტი შევიდა
აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მოთხოვნით კიდევ ერთი კანონპროექტი შევიდა. პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაუწესდეს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას შეეცდება.
ინიციატივის ავტორები კრის ვან ჰოლენი და მარკო რუბიო არიან. კანონმდებლები მოითხოვენ, რომ აშშ-ის დაზვერვამ არჩევნებიდან 60 დღეში წარადგინოს ანგარიში, რომელშიც არჩევნებში შესაძლო ჩარევის ფაქტები იქნება აღრიცხული.
თუ დადასტურდა, რომ სხვა ქვეყანა ერეოდა პროცესებში, მაშინ სენატორები სანქციების დაწესებას ამ სახელმწიფოს საბანკო სექტორის წინააღმდეგ ითხოვენ. პროექტის თანახმად, ასევე, უნდა აიკრძალოს ოპერაციები კანონდამრღვევი ქვეყნის სახელმწიფო ობლიგაციების გამოყენებით და კონკრეტული მაღალჩინოსნების ფინანსური აქტივები უნდა დააყადაღონ.
პირველად აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო დააწესა.