აშშ-ის კონგრესში რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პერსონალური სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ
აშშ-ის კონგრესში რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პერსონალური სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ

აშშ-ის კონგრესში თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პერსონალური სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდნენ. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი აშშ-ის სენატის წევრმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. სენატორის თქმით, დემოკრატ კრის ვან ჰოლენთან აღნიშნულ საკითხზე ორპარტიული შეთანხმება მიღწეულია.

ამერიკელი სენატორები ერდოღანის გარდა, სანქციების დაწესებას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის, თავდაცვის, ფინანსთა, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრების წინააღმდეგ ითხოვენ. პროექტი აშშ-ში აღნიშნული პირების აქტივების გაყინვას, ასევე სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სენატორები გამოდიან ინიციატივით, აიკრძალოს თურქეთისთვის ამერიკული შეიარაღების, თავდაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიყიდვა.

ლინდსი გრემი იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტი ორივე პარტიის მხარდაჭერას მოიპოვებს. მისი თქმით, კონგრესის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქურთების მიტოვება არასწორია, რადგან მათ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერ მოკავშირეებად წარმოაჩინეს თავი. მანამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ქურთების მხარდაჭერაზე უარის თქმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი უსაფრთხოების ზონის შექმნაა, სადაც ორი მილიონი სირიელი ლტოლვილის განსახლება იგეგმება.