აშშ-ის კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა
აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენები გაიმართა. კონგრესმენების წინაშე ჩვენებები მისცეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, უილიამ ტეილორმა. საჯარო სესია დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე დიპლომატმა კონგრესმენების შეკითხვებს მანამდეც უპასუხა, თუმცა დახურულ კარს მიღმა.
როგორც სხდომის დაწყებისას წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ადამ შიფმა განაცხადა, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ წარმოადგენს. შიფის განცხადებით, ტრამპი მიისწრაფის პირადი პოლიტიკური ინტერესების მიღწევისკენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ.
კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არავითარ გარემოებებში არ უნდა სთხოვოს სხვა ქვეყნებს, „შერჩევით, პოლიტიკურ გამოძიებებში“ მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი შერჩევითი ქმედებები ლახავს კანონის უზენაესობის პრინციპს. ამავე დროს, კენტი მიიჩნევს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები არასდროს ცდილობდნენ უკრაინაში ნავთობკომპანია „ბურიზმას“ წინააღმდეგ გამოძიების შეჩერებას. აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი იყო. როგორც კენტმა აღნიშნა, მას წარსულში გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობამ აღნიშნულ კომპანიაში შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.
კენტმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ „სიცრუის კამპანიაში“, რომელიც მიმართული იყო უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის მარი იოვანოვიჩის რეპუტაციის შელახვისკენ.
უკრაინაში რუდი ჯულიანის ქმედებებზე ისაუბრა უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმაც. მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის პოლიტიკის გამტარებელი ორი არხი მოქმედებდა – „რეგულარული და არარეგულარული“. როგორც ტეილორმა აღნიშნა, ჯულიანი სწორედ არარეგულარული მექანიზმით მოქმედებდა, რომლის ამოცანები ეწინააღმდეგებოდა მრავალწლიანი ამერიკული პოლიტიკის ინტერესებს.
ორივე დიპლომატმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის ქმედებები დიპლომატების რეპუტაციას ლახავდა.
„ჩვენდამი ნდობა დაფუძნებულია აშშ-სადმი პატივისცემაზე და თუ ეს პატივისცემა შელახულია, ჩვენ უფრო მეტად გვიჭირს ჩვენი ამოცანების შესრულება“, – განაცხადა ტეილორმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე საჯარო მოსმენებს უყუროს.
ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.