აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ
აშშ-ის კონგრესში დღეს ორი პალატის ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაამტკიცონ. პარალალურად, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. სენატორები ე.წ. მერყევ შტატებში სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითოხვენ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება, რაც იმ პირობებში, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები უმრავლესობას ფლობენ, ნაკლებად სავარაუდოა.
კონგრესში სხდომის პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო ვაშინგტონში მობილიზებული იქნება ეროვნული გვარდია. ოფიციალურმა პირებმა უკვე გააფრთხილეს ტრამპის მხარდამჭერები, აქციებზე იარაღი არ მიიტანონ.