აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა
პარლამენტის მოწვევით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესის თანამშრომლებმა დღეს წეროვანის დევნილთა დასახლება და სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა სტუმრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს.
სოფელ ხურალეთში კონგრესის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადგილობრივს გაესაუბრნენ.
„საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში ამერიკის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ამერიკელი სტუმრები წეროვანსა და ხურვალეთს ეწვივნენ. საოკუპაციო ხაზთან კონგრესის თანამშრომლები არსებულ ვითარებას გაეცნენ. მათთვის საინტერესოა კონფლიქტის ისტორია, თუ რა პროცესებმა მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. ჩვენ ასევე მოვინახულეთ დევნილთა დასახლება და გავესაუბრეთ ახალგორის გამგებელს. დღევანდელ დღე მთლიანად ეთმობა ოკუპაციის თემატიკას – რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.