აშშ-ის კონგრესის, საქართველოს პარლამენტისა და „აიარაის“ წარმომადგენლებს შორის კრიზისულ სიტუაციებში პარლამენტის როლის თემაზე ონლაინდისკუსია გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობას შორის თემაზე: „პარლამენტის როლი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებაში“ ონლაინდისკუსია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოდან შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები კახაბერ კუჭავა და გიორგი კახიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე მონაწილეობდნენ.
„შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობას. მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ონლაინ შეხვედრისას „კოვიდ 19“-ით შექმნილი ვითარების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პანდემიის პირობებში მუშაობისა და ეკონომიკის ხელშეწყობის გამოცდილება.
დისკუსიისას, გამოიკვეთა საჭიროებები და საკითხები, რომლებზეც სამომავლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ერთობლივად გააგრძელებს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ქართველმა პარლამენტარებმა ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს იმ დახმარებისთვის, რომლის საფუძველზეც საქართველოში ლუგარის ცენტრი არსებობს. როგორც აღინიშნა, განსაკუთრებით ფასდაუდებელია ლუგარის ლაბორატორიის როლი, მნიშვნელობა და წვლილი პანდემიის პირობებში.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის (HDP) თანათავმჯდომარე დევიდ პრაისი, კონგრესმენები ბარბარა ლი, ტომ რაისი, რობინ კელი, ადრიან სმიტი, მარკვეინ მალინი და დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი დერეკ ლიუტეი.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ აშშ-ის საელჩოს, „აიარაისა“ (IRI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები.