აშშ-ის კონგრესი ირანის წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ქმედებების შეზღუდვის შესახებ რეზოლუციას განიხილავს
აშშ-ის კონგრესს ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სამხედრო ქმედებების შეზღუდვა სურს. შესაბამის რეზოლუციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიმდინარე კვირაში განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის წერილში, რომლის ადრესატები დემოკრატი სენატორები არიან.
„ამ კვირაში წარმომადგენელთა პალატა წარმოადგენს და კენჭს უყრის რეზოლუციას პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ, რათა ირანის წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო ქმედებები შეიზღუდოს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლების თანხმობის გარეშე ინიცირებული სამხედრო ქმედებები 30 დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია წერილში.
პელოსი თავის წერილში აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე იერიში, რომლის შედეგადაც ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა, იყო „პროვოკაციული და არათანაზომადი“ ქმედება.
„ამ ქმედებებმა საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი სამხედროები, დიპლომატები და სხვა პირები. ეს ნაბიჯი ირანთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის საფრთხეს ქმნის. ჩვენი, როგორც კონგრესმენების ვალდებულებაა, დავიცვათ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. ამ მიზეზით ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯები კონგრესთან კონსულტაციების გარეშე და კონგრესის სამხედრო უფლებამოსილებების გაუთვალისწინებლად გადადგა“, – წერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.