აშშ-ის კონგრესი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავდაცვის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გეგმავს
აშშ-ის კონგრესი „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავდაცვის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გეგმავს

აშშ-ის კონგრესი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თავდაცვის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გეგმავს.

გამოცემა „დეფენს ნიუსი“, აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელზე, ჯიმ რიშზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები ძვირად დაუჯდებათ გაზსადენის მშენებელ კომპანიებს და მათ მუშაობის შეჩერებას აიძულებს.

„ფანჯარა იხურება. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიები დაიხურება და ვფიქრობ, რომ რუსებს პროექტის განსახორციელებლად სხვა გზის ძებნა მოუწევთ, თუ ისინი ამას შეძლებენ“, – აღნიშნა ჯიმ რიშმა.

გაზსადენს რუსეთის სახელმწიფო ენერგო კომპანია „გაზპრომი“ ფლობს, თუმცა პროექტის ნახევარი ხუთი ევროპული კომპანიის მიერ არის დაფინანსებული. 1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირი გერმანიაში უნდა ჩაიტანოს. პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ პროექტის განხორციელება რუსეთის ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.