აშშ-ის ხელისუფლება სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს
აშშ-ის ხელისუფლება სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს. შესაბამისი რეგულაცია 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. საერთაშორისო ფრენები 33 ქვეყნიდან და რეგიონიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ბრაზილიიდან, დაშვებული იქნება აშშ-ის აეროპორტებში, ხოლო სრულად აცრილ მოგზაურებს შეუძლიათ გადაკვეთონ სახმელეთო საზღვრები კანადასა და მექსიკაში შესასვლელად.
აშშ-ში შესასვლელად საერთაშორისო მოგზაურებს აცრის მოწმობის და ბოლო 72 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურთათვის აღიარებული ვაქცინები მოიცავს ისეთ ვაქცინებს, რომლებიც დამტკიცებულია და ავტორიზებულია აშშ-ის „სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის“ მიერ, ასევე „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ ჩამოთვლილი ვაქცინები გადაუდებელი გამოყენებისთვის.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რიცხვი 46.5 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერებისა და ინჟინერიის ცენტრი ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 754 415 ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გასულ წელს 10 000-ზე მეტი პაციენტი „კოვიდ-19“-ით საავადმყოფოებში მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში სხვა დაავადებების სამკურნალოდ მოხვდნენ. მედია წერს, რომ ეს რიცხვი ზუსტი არ არის, რადგან მოიცავს მხოლოდ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, ყველა ასაკის პაციენტები კი მხოლოდ კალიფორნიასა და ფლორიდას მოიცავს.