აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან ცხრა ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს
აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან ცხრა ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაში.
ამას გარდა, აშშ ევროკავშირთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებულად მუშაობს სანქციების სიაზე ლუკაშენკოს რეჟიმის მთავარი წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევებთან, კორუფციასთან, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან და 23 მაისს მომხდარ მოვლენებთან.
აშშ ასევე შეაჩერებს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2019 წლის შეთანხმებას.
თეთრი სახლის განცხადებით, ბელარუსის მიერ ევროკავშირის ორ წევრ სახელმწიფოს შორის „რაინეარის“ კომერციული რეისისთვის მიმართულების იძულებით შეცვლა და შემდგომ ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავება არის საერთაშორისო ნომრების პირდაპირი დარღვევა.
„ეს მოვლენები მოხდა დემოკრატიისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ბელარუსი ხალხის სწრაფვის წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მზარდი ტალღის ფონზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.
ამას გარდა, თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ბელარუსის თავზე ფრენისას უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
აშშ მოუწოდებს ალექსანდრ ლუკაშენკოს, დაუშვას „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის სანდო საერთაშორისო გამოძიება, ასევე გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაიწყოს ყოვლისმომცველი და ნამდვილი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან.
23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი მინსკში იძულებით დასვა და მის ბორტზე მყოფი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავა.