აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კონგრესი  თუ არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, მაშინ აშშ-ის მთავრობას პირველი ივნისისთვის ფული ამოეწურება და დეფოლტი ემუქრება
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კონგრესი თუ არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, მაშინ აშშ-ის მთავრობას პირველი ივნისისთვის ფული ამოეწურება და დეფოლტი ემუქრება

თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, მაშინ აშშ-ის მთავრობას პირველი ივნისისთვის ფული ამოეწურება და დეფოლტი ემუქრება, – ამის შესახებ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.

კონგრესის წევრებისადმი მიწერილ წერილში იელენი წერს: „ჩვენ ვისწავლეთ წარსულის მაგალითზე, რომ ვალის ლიმიტის შეჩერების ან გაზრდის ბოლო წუთამდე ლოდინით შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობას. ეს გაზრდის მოკლევადიანი სესხის ხარჯებს და უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგზე“.

ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, როდის ამოიწურება ნაღდი ფული, თუმცა კონგრესს, „რაც შეიძლება მალე მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.

სესხის ლიმიტის მიღწევა ნიშნავს, რომ მთავრობა ვეღარ შეძლებს მეტი ფულის სესხებას. ამჟამად აშშ-ის სესხის ზღვარი 31,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს ამ საკითხზე კონგრესის ლიდერების შეხვედრა მოიწვია. სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას და პრეზიდენტ ბაიდენის პროგრამის ზოგიერთი ნაწილის დაპირების, მათ შორის, სტუდენტური სესხების ჩამოწერის პროგრამის, მწვანე ენერგიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვენ, რაზეც პრეზიდენტმა ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ეს საკითხები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.

აშშ-ის სესხის ლიმიტი 1960 წლიდან 78-ჯერ გაიზარდა, გახანგრძლივდა ან გადაიხედა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის ისტორიაში მოსალოდნელმა პირველმა დეფოლტმა, შესაძლოა, შეარყიოს გლობალური ფინანსური ბაზრები და ძირი გამოუთხაროს აშშ-ის, როგორც გლობალური ბიზნესპარტნიორის მიმართ ნდობას, ხოლო ქვეყნის შიგნით გამოიწვიოს რეცესია და უმუშევრობის ზრდა.